გამოყენების პირობები

მერცხალზე ბილეთების ყიდვა-გაყიდვის წესები: რას გთავაზობთ, რაზე თანხმდები და როგორ ვაგვარებთ პრობლემებს.

24 სთღონისძიების დაწყებიდან. ამ დროში უნდა შეგვატყობინო ბილეთთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ.

გამყიდველს თანხას ღონისძიების შემდეგ ვურიცხავთ, თუ ბილეთი მყიდველს გადასცა და საჩივარი განხილვის პროცესში არ არის.

რას ეხება ეს პირობები

ეს პირობები განსაზღვრავს mertskhali.ge-⁠ისა და მერცხლის აპებით სარგებლობის წესებს. ანგარიშის შექმნით ან მერცხლით სარგებლობით ეთანხმები როგორც ამ პირობებს, ისე წესებს, რომლებსაც შესაბამის გვერდზე მოქმედების შესრულებამდე გაეცნობი, მაგალითად, ღონისძიების დამატებით პირობებს ან გადახდის ღილაკთან მითითებულ გარანტიას.

მერცხალი მომხმარებლებისგან მიღებულ ბილეთებს ყიდის. ბილეთის შეძენისას გამყიდველი მხარე მერცხალია. განცხადებაში მითითებული გადაცემის მეთოდის მიხედვით, ბილეთი შეიძლება უშუალოდ იმ მომხმარებელმა გამოგიგზავნოს ან პირადად გადმოგცეს, რომელმაც ის გასაყიდად განათავსა. მერცხალი ღონისძიებებს არ ატარებს. ჩვენ დამოუკიდებლად ვმუშაობთ და არ ვართ დაკავშირებული tkt.ge-⁠სთან, biletebi.ge-⁠სთან, ღონისძიებების ორგანიზატორებთან ან მასპინძელ დაწესებულებებთან. მყიდველისგან თანხას ჩვენ ვიღებთ, გამყიდველს კი ღონისძიების შემდეგ ვურიცხავთ ქვემოთ აღწერილი წესით.

ეს პირობები არ ზღუდავს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შენს უფლებებს. როგორ ვამუშავებთ შენს მონაცემებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში წაიკითხავ.

შენი ანგარიში

  • ანგარიშის შესაქმნელად მინიმუმ 18 წლის უნდა იყო. ანგარიში პირადია: მას მხოლოდ შენ უნდა იყენებდე და შენს ელფოსტაზე უნდა იყოს რეგისტრირებული.
  • ანგარიშში ელფოსტაზე გამოგზავნილი ერთჯერადი კოდით შედიხარ. დაიცავი შენი ელფოსტა: კოდით შესვლის შემდეგ ანგარიშზე შესრულებულ ყველა ქმედებაზე შენ აგებ პასუხს.
  • შენი მონაცემები ზუსტი და განახლებული უნდა იყოს, განსაკუთრებით იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც თანხას გირიცხავთ, და ბილეთების საიტზე იმ ანგარიშის მონაცემები, რომელზეც ბილეთს გიგზავნიან.
  • პროფილის გვერდიდან შეგიძლია ყველა მოწყობილობაზე ერთდროულად გამოხვიდე ანგარიშიდან. ანგარიშის წაშლა საიტზე ან აპში შეგიძლია, თუ მიმდინარე შეკვეთა, გაყიდვა ან ჩარიცხვა აღარ გაქვს.

ყიდვა

  • განცხადებაში მითითებული ფასი მოიცავს გამყიდველის ფასსა და ჩვენი მომსახურების საკომისიოს. თუ ბარათით გადახდის საკომისიო ემატება, მას გადახდამდე ცალკე ნახავ. საკომისიო შეიძლება იცვლებოდეს კონკრეტულ თარიღზე მოთხოვნის მიხედვით, თუმცა ბილეთის დაჯავშნის შემდეგ მისი ფასი აღარ შეიცვლება.
  • არჩეულ ბილეთებს რამდენიმე წუთით გიჯავშნით, რომ გადახდა მოასწრო. ჯავშნის ვადის გასვლის შემდეგ ბილეთები ისევ გაყიდვაში ბრუნდება.
  • გადახდამდე გაეცანი ღონისძიების პირობებს: ასაკობრივ შეზღუდვებს, პირადობის შემოწმების მოთხოვნებს, შესვლის წესებსა და ბილეთის მიღების გზას. თუ ბილეთი ბილეთების საიტზე უნდა გადმოგეცეს, მიუთითე შენი ანგარიში, რომელზეც გამყიდველმა ის უნდა გამოგიგზავნოს.
  • თუ ბილეთი ფაილის სახით გადმოგეცემა (PDF, სურათი ან ბილეთის შემცველი ელწერილი), მას ჩვენ ვინახავთ. მის ჩამოტვირთვას შეკვეთის გვერდიდან ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე შეძლებ. მანამდე გვერდზე დაინახავ, რომ ბილეთი უკვე მიღებულია. ეს ღონისძიებამდე ბილეთის ასლების გავრცელებას უშლის ხელს.
  • რჩევა: ბილეთი შესვლამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოტვირთე. თუ შესასვლელთან ბილეთი უკვე გამოყენებული აღმოჩნდება, საჩივრის განხილვისას ჩამოტვირთვის დროსაც გავითვალისწინებთ.
  • ღონისძიებაზე დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას მასპინძელი დაწესებულების ადმინისტრაცია იღებს. ბილეთი დასწრების უფლებას ორგანიზატორის მიერ დადგენილი პირობების დაცვით გაძლევს.
  • შეძენის შემდეგ გადაწყვეტილების შეცვლას გარანტია არ ფარავს. ბილეთის აქვე გადაყიდვა შეგიძლია, თუ ის გადაყიდვის პირობებს აკმაყოფილებს. ეს არ ზღუდავს შენს უფლებას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში გააუქმო შეკვეთა.

ბარათით გადახდისას თანხის მიღება სს „საქართველოს ბანკისა“ და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, შპს „იუნაითიდ ფეიმენთ ჯორჯიას“, მეშვეობით ხორციელდება. გადახდით მომხმარებელი ეთანხმება სს „საქართველოს ბანკისა“ და შპს „იუნაითიდ ფეიმენთ ჯორჯიას“ შეთანხმების წესებსა და პირობებს, რომლებიც საგადახდო მომსახურებას არეგულირებს. ეს პირობები დროდადრო შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია, ყოველი გადახდის წინ თავად გაეცნოს იმ მომენტისთვის მოქმედ პირობებს. გადახდის განხორციელებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მათ ეთანხმება. ბარათის მფლობელმა ასევე უნდა დაიცვას კანონმდებლობითა და სს „საქართველოს ბანკის“ ინსტრუქციებით დადგენილი მოთხოვნები.

მერცხლის გარანტიები

მერცხალზე ნაყიდ ყველა ბილეთზე გარანტია ვრცელდება. ბილეთის ფასსა და ჩვენი მომსახურების საკომისიოს სრულად დაგიბრუნებთ, თუ:

  • ბილეთი საერთოდ ვერ მიიღე;
  • ბილეთი შესასვლელთან არ დასკანერდა ან უკვე გამოყენებული იყო;
  • ბილეთზე მითითებული ადგილები განცხადებაში აღწერილს არ შეესაბამება;
  • ღონისძიება გაუქმდა ან ისეთ თარიღზე გადაიდო, როცა დასწრებას ვერ შეძლებ.

გარანტია არ ვრცელდება შემთხვევებზე, როცა შეძენის შემდეგ გადაიფიქრე ან თანხა მერცხლის გვერდის ავლით გადაიხადე. ასევე არ ვრცელდება შესვლაზე უარის შემთხვევებზე, როცა მიზეზი ფეისკონტროლი, დრესკოდი, ასაკი, კლუბის წევრთა სიაში არყოფნა ან ბილეთზე მითითებული სახელია.

პრობლემის შესახებ შეკვეთის გვერდიდან შეგვატყობინე ღონისძიების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში. თუ ჩვენი ჩანაწერებით ბილეთი არ გამოგზავნილა ან ღონისძიება გაუქმდა, საჩივარს შენს ნაცვლად დავარეგისტრირებთ. განხილვის პროცედურა ქვემოთაა აღწერილი. სრულ პირობებს გაეცანი გვერდზე მერცხლის გარანტია.

ბილეთთან დაკავშირებული პრობლემები და დავის განხილვა

თუ ბილეთთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნა, შეგვატყობინე შეკვეთის გვერდიდან ღონისძიების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში. აირჩიე საჩივრის მიზეზი და აღწერე, რა მოხდა. თუ პლატფორმამ შენს შეკვეთაზე საჩივარი უკვე ავტომატურად დაარეგისტრირა, დამატებითი შეტყობინება საჭირო არ არის.

თუ შესასვლელთან სკანერმა ბილეთი ვერ წაიკითხა ან ბილეთი უკვე გამოყენებული აღმოჩნდა, საჩივრის დასაკმაყოფილებლად საჭიროა ადგილზე მოპოვებული მტკიცებულება: სკანერის ეკრანის ფოტო ან ვიდეო, რომელზეც შეცდომა ჩანს, ან მასპინძელი დაწესებულების თანამშრომლისა თუ ორგანიზატორის დადასტურება. საჩივარში მიუთითე დრო, შესასვლელი და სკანერზე ნაჩვენები შეტყობინება. მტკიცებულება განხილვისთვის შეინახე.

საკითხის უშუალოდ მოსაგვარებლად შეგიძლია გამყიდველს შეკვეთის ჩათში მისწერო. ეს სავალდებულო არ არის და შეტყობინების ვადას არ ახანგრძლივებს.

სანამ საჩივარი განიხილება, ამ შეკვეთაზე გამყიდველისთვის თანხის ჩარიცხვა შეჩერებულია. გამყიდველმა თავისი შეკვეთის გვერდიდან უნდა უპასუხოს საჩივარს მერცხლის ანგარიშში შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. პასუხის ვადა შეკვეთის გვერდზე ჩანს. თუ გამყიდველი ამ ვადაში არ გვიპასუხებს, საჩივარს მყიდველის სასარგებლოდ გადავწყვეტთ და თანხის დაბრუნებას ავტომატურად დავიწყებთ. თანხის მიღების დრო გადახდის მეთოდსა და ბანკზეა დამოკიდებული; საბანკო გადარიცხვით გადახდილ თანხას ჩვენი გუნდი აბრუნებს.

თუ გამყიდველი დროულად გვიპასუხებს, თანხის ჩარიცხვა შეჩერებული დარჩება, სანამ ორივე მხარის განმარტებებს, ბილეთის გადაცემის შესახებ ჩანაწერებსა და სხვა შესაბამის მტკიცებულებებს განვიხილავთ. საჭიროების შემთხვევაში რომელიმე მხარეს დამატებით ინფორმაციასაც ვთხოვთ.

ამ პირობებისა და მერცხლის გარანტიის საფუძველზე გადავწყვეტთ, თანხა მყიდველს დაუბრუნდეს თუ გამყიდველს ჩაერიცხოს. გადაწყვეტილებასა და მის განმარტებას შეკვეთის გვერდზე ნახავ. თუ გადაწყვეტილებას არ ეთანხმები, მოგვწერე შეკვეთის გვერდიდან ან support@mertskhali.com-ზე და აგვიხსენი, რატომ ითხოვ მის ხელახლა განხილვას.

ეს პროცედურა, მათ შორის საჩივრის წარდგენისა და პასუხის ვადები, არ ზღუდავს არცერთი მხარის კანონით მინიჭებულ უფლებებს ან უფლებამოსილი ორგანოსთვის თუ სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას.

გაყიდვა

ბილეთს მერცხალს გადასაყიდად აწვდი. ბილეთის განთავსებით ადასტურებ, რომ:

  • ბილეთი ხელთ გაქვს ან ბილეთების საიტზე შენს ანგარიშშია და მისი გადაყიდვისა და გადაცემის უფლება გაქვს როგორც კანონით, ისე ბილეთის გამცემისა და ორგანიზატორის წესებით;
  • ბილეთი ნამდვილია, მოქმედია და გამოუყენებელია, განცხადებაში კი ყველა მონაცემი ზუსტადაა მითითებული: თარიღი, სექტორი, რიგი, ადგილები და გადაცემის მეთოდი;
  • იმავე ბილეთს ერთდროულად სხვაგან გასაყიდად არ განათავსებ, გაყიდვის შემდეგ კი არც მას და არც მის ასლებს გამოიყენებ ან სხვას გაუზიარებ;
  • ბილეთს მყიდველს ღონისძიების დაწყებამდე, განცხადებაში მითითებული გზით გადასცემ.

განცხადების განთავსება უფასოა. ფასს თავად ადგენ. მინიმალური ფასი 1 ₾-⁠ია თითო ბილეთზე. გასაყიდი ფასი შეიძლება ბილეთის თავდაპირველ (ნომინალურ) ფასზე მეტი ან ნაკლები იყოს. გამყიდველის საკომისიო შენ მიერ მითითებული ფასის გარკვეული პროცენტია. მისი ოდენობა დამოკიდებულია როგორც ფასზე, ისე შენს, როგორც გამყიდველის, სტატუსზე. საკომისიოს განცხადების განთავსებამდე დაინახავ. ის უცვლელი დარჩება, თუ ფასს თავად არ შეცვლი. მოქმედი განაკვეთები მითითებულია გვერდზე როგორ მუშაობს.

უფლებას ვიტოვებთ, ნებისმიერი განცხადება და მისი დამადასტურებელი მასალა გამოქვეყნებამდე ან გამოქვეყნების შემდეგ შევამოწმოთ და დამატებითი მტკიცებულებები მოვითხოვოთ. არ ვიღებთ განცხადებებს იმ ღონისძიებების ბილეთებზე, რომლებიც კონკრეტული მყიდველის სახელზე ან პირადობის მონაცემებზეა მიბმული, ან რომელთა ორგანიზატორებიც გადაყიდვას კრძალავენ. თუ გადაყიდვა შეზღუდულია, ბილეთის განთავსებამდე შესაბამისი პირობები უნდა დაიცვა.

თუ ბილეთს მყიდველს არ გადასცემ, მას თანხას დავუბრუნებთ, შენ კი ამ გაყიდვიდან თანხას ვერ მიიღებ. დაკმაყოფილებული საჩივრები აისახება შენს, როგორც გამყიდველის, ისტორიაში, რომელსაც მყიდველები შენს განცხადებებში ხედავენ.

თანხის მიღება

  • თანხას ღონისძიების დაწყებიდან 24 საათის შემდეგ გირიცხავთ, თუ ბილეთი მყიდველს გადასცე და საჩივარი განხილვის პროცესში არ არის. გადარიცხული თანხა ანგარიშზე, როგორც წესი, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.
  • თანხას მხოლოდ შენს სახელზე გახსნილ ქართულ საბანკო ანგარიშზე (IBAN) ვრიცხავთ. ანგარიშის მონაცემები შეგიძლია „ფინანსების“ გვერდზე დაამატო.
  • თანხის ჩარიცხვა ჩერდება, თუ საჩივარს განვიხილავთ, ბილეთს ვამოწმებთ, საბანკო მონაცემები არ გაქვს მითითებული ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხს ვარკვევთ.
  • თუ გაყიდვასთან დაკავშირებული საჩივარი დაკმაყოფილდა, ამ გაყიდვიდან თანხის ჩარიცხვა უქმდება ან ჩასარიცხ თანხას აკლდება მყიდველისთვის დაბრუნებული თანხა.
  • თუ გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი გადასახადით იბეგრება, მის გადახდაზე შენ ხარ პასუხისმგებელი.

წესები ყველასთვის

მერცხალზე თაღლითობა, შეურაცხმყოფელი ქცევა და მიუღებელი შინაარსის მასალის გავრცელება დაუშვებელია. აკრძალულია:

  • ყალბი, დაკოპირებული, გამოყენებული ან ბათილი ბილეთის განთავსება, ასევე ერთი და იმავე ბილეთის ორჯერ გაყიდვა;
  • თანხის მოთხოვნა ან გადახდა მერცხლის გვერდის ავლით: პირდაპირ მყიდველთან ან გამყიდველთან საბანკო გადარიცხვით, ნაღდი ფულით ან მიმოწერაში გამოგზავნილი ბმულით. საბანკო გადარიცხვისას გამოიყენე მხოლოდ მერცხლის ანგარიშის რეკვიზიტები, რომლებსაც გადახდის გვერდზე ნახავ;
  • ვინმეს შევიწროება, მუქარა ან შეურაცხყოფა, ასევე სიძულვილის შემცველი, სექსუალური, ძალადობრივი ან სხვა მიუღებელი შინაარსის მასალის გავრცელება მიმოწერაში, შენიშვნებსა თუ განცხადებებში;
  • მიმოწერის გამოყენება შეკვეთასთან დაუკავშირებელი მიზნებისთვის ან მიმოწერაში ბილეთის გადაცემის კოდის გაზიარება;
  • ლიმიტის ან შეზღუდვის გვერდის ავლის მიზნით დამატებითი ანგარიშების გახსნა;
  • საიტიდან, აპებიდან ან ჩვენი სისტემებიდან მონაცემების ავტომატური ამოღება (სკრეიპინგი), მათი გადატვირთვა ან მუშაობაში ჩარევა.

შეტყობინებებსა და შენიშვნებს აკრძალული სიტყვების სიის მიხედვით ვამოწმებთ. აპში შეგიძლია გაასაჩივრო შეტყობინება, განცხადება ან შეკვეთის მეორე მხარის ქცევა და ეს მომხმარებელი დაბლოკო. ნებისმიერი დარღვევის შესახებ შეგიძლია მისამართზე support@mertskhali.com მოგვწერო. საჩივრებს 24 საათის განმავლობაში განვიხილავთ. წესების დამრღვევ მასალას ვშლით, შესაბამის ანგარიშებს კი ვხურავთ.

როცა ჩარევა გვიწევს

მყიდველების, გამყიდველებისა და პლატფორმის დასაცავად შეიძლება განცხადება შევაჩეროთ ან წავშალოთ, თანხის ჩარიცხვა საკითხის მოკვლევის დასრულებამდე დავაყოვნოთ, შეკვეთა გავაუქმოთ და მყიდველს თანხა დავუბრუნოთ. ასევე შეიძლება შევზღუდოთ ანგარიშზე წვდომა ან გარკვეული მოქმედებები (განცხადების განთავსება, ყიდვა, გადაყიდვა, თანხის მიღება), ან ანგარიში დავხუროთ. გადაწყვეტილებებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვიღებთ და მიღებული ზომების შესახებ გაცნობებთ, თუ ამას კანონი ან მიმდინარე მოკვლევა არ გვიკრძალავს. გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნით შეგიძლია მისამართზე support@mertskhali.com მოგვწერო.

რაზე ვაგებთ პასუხს

ვზრუნავთ, რომ მერცხალი გამართულად მუშაობდეს, თუმცა მუდმივ ხელმისაწვდომობასა და უხარვეზო მუშაობას ვერ დაგპირდებით. პასუხს ვაგებთ ამ პირობებითა და მერცხლის გარანტიებით აღებულ ვალდებულებებზე. გარანტიით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების გარდა, პასუხს არ ვაგებთ თავად ღონისძიებაზე, მის შინაარსზე, ორგანიზატორის მიერ მის შეცვლასა თუ გაუქმებაზე, ასევე მასპინძელი დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე ღონისძიებაზე დაშვებასთან დაკავშირებით.

თითოეულ შეკვეთასთან დაკავშირებით ჩვენი პასუხისმგებლობა ამ შეკვეთის თანხით შემოიფარგლება, გარდა შემთხვევებისა, როცა კანონი ასეთ შეზღუდვას არ უშვებს, მათ შორის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის შემთხვევაში.

როცა პირობები იცვლება

მერცხლის განვითარებასთან ერთად შეიძლება ეს პირობებიც განვაახლოთ. ასეთ შემთხვევაში გვერდის დასაწყისში მითითებულ თარიღს შევცვლით. თუ ცვლილება შენ გეხება, მის ძალაში შესვლამდე ელფოსტით ან აპში შეგატყობინებთ. უკვე გაფორმებულ შეკვეთებზე ის პირობები ვრცელდება, რომლებიც შეკვეთის გაფორმებისას მოქმედებდა. თუ ცვლილებას არ ეთანხმები, შეგიძლია ანგარიში მის ძალაში შესვლამდე წაშალო.

კანონმდებლობა, დავები და კონტაქტი

ამ პირობებზე საქართველოს კანონმდებლობა ვრცელდება. თუ პრობლემა შეგექმნა, ჯერ მისამართზე support@mertskhali.com მოგვწერე. პრობლემების უმეტესობას ასე სწრაფად ვაგვარებთ. თუ ვერ შევთანხმდებით, დავას საქართველოს სასამართლოები განიხილავენ. ეს არ ზღუდავს შენს, როგორც მომხმარებლის, უფლებებს.

შეურაცხმყოფელი ქცევის, ყალბი ბილეთის ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ მოგვწერე მისამართზე support@mertskhali.com.